menu

ცოლად არასდროს მოგიყვან!

გუშინ მე და ანა, მის ახალ კაცზე ვსაუბრობდით, უფრო სწორად ახალზე კი არა, პოტენციურ პარტნიორზე. მოკლედ, რა ხდება. ერთმანეთი მეგობართან გაიცნეს, შემდეგ დიდი ხანი საუბრობდნენ facebook- ზე და ბოლოს შეხვდნენ. შეხვედრისას ხანმოკლე საუბარი ქონდათ მომავალ ურთიერთობაზე და საქმიანი წინადადებასავით წარუდგინეს ერთმანეთს თავიანთი შეთავაზების პირობები. ერთი წინადადებით, რომ გამოვხატო – ბიჭი ამბობს, რომ მოსწონს, მასთან სექსი უნდა, მაგრამ არ უყვარს და ცოლად მოყვანას არ აპირებს. არც ანას უნდა გათხოვება, არც მას უყვარს და სექსიც ძალიან უნდა, თუმცა სანამ მეორედ ნახავდა, მაინც გადაწყვიტა გვემსჯელა ამ თემაზე.

პირველი საკითხი რაზეც ვისაუბრეთ იმაში მდგომარეობს, თუ რამდენად ღირს ურთიერთობა კაცთან, რომელიც სულ ორჯერ გყავს ნანახი და რომელიც მხოლოდ სექსს გთავაზობს. თუ მაინცდამაინც რაიმე განსაკუთრებული ნაკლი არ გაქვთ, ასობით ბიჭთან შეგიძლიათ გქონდეთ მსგავსი ურთიერთობა.

მეორე კითხვა რომელიც ჩნდება ისაა, თუ რატომ გვაფრთხილებს კაცი (და სხვათა შორის არაერთი იქცევა ასე) წინასწარ, რომ მას არ შეუყვარდები და ცოლად არ მოგიყვანს. შენ ხომ ერთხელაც არ გიგრძნობინებია მისთვის, რომ გათხოვება გინდა, ან კი რატომ უნდა გინდოდეს შენ ხომ მეორეჯერ ნახე ის. რაღაც წინასწარი დაბლოკვასავით არის. ეს ურთიერთობის განმავლობაშიც გრძელდება ხოლმე ხშირ შემთხვევაში. რაღაც პერიოდული გრაფიკივით აქვთ ეს შეხსენებები.

ადრე ერთ ბიჭთან მქონდა ურთიერთობა, რომელიც გარკვეული ინტერვალებით მახსენებდა ხოლმე, რომ ცოლად არ მომიყვანდა. ხანდახან მეკითხებოდა კიდეც ხომ არ შეგიყვარდიო. მე კი ისეთი განცდა მქონდა, თითქოს უფლება არ მქონდა შემყვარებოდა. ბოლოს, რა თქმა უნდა, ყელში ამომივიდა ყველაფერი და ურთიერთობაც ამას შეეწირა. ვერ ვხვდები, რატომ იქცევიან ასე, ალბათ ჩვენი ბრალია, დამოკიდებული ვხდებით მათზე და ტვინს ვუბურღავთ? თითქოს ეშინიათ, ვინმე არ “შეეტენოთ” თავისუფლება არ დააკარგინოთ და პასუხისმგებლობა დააკისროთ. მაგრამ, როდესაც, არანაირ მარწუხებში არ აქცევ და თავისუფლები ხართ ორივე, ხომ შეიძლება არ ისაუბრონ ამ ყველაფერზე და უბრალოდ შეირგონ დღევანდელი დღე? რაღაც შეურაცხყოფილად ვგრძნობ თავს როცა კაცი მეუბნება ჩვენ ერთ დღეს აუცილებლად დავშორდებითო.

ცოლი, ქმარი, ურთიერთობა, სექსი

და მესამე საკითხიც რაზეც მე და ანამ ვიმსჯელეთ ეს იყო. რას ნიშნავს არასოდეს მოგიყვან ცოლად და აუცილებლად დავშორდებით? იმას, რომ პასუხისმგებლობის აღებას გაურბიან, თუ ეშინიათ, რომ იმედები არ გაგიჩნდეს და არ “შეეტენო”? ცოლის მოყვანა არ უნდათ საერთოდ, თუ კონკრეტულად ჩვენი? ჩემმა X მა, მაგალითად, დაშორებიდან სულ რაღაც 6 თვეში საცოლე გაიჩინა .. და რა უნდა ვიფიქრო მე? რომ, ცოლის მოყვანა კი არა, ჩემი მოყვანა არ უნდოდა? ანუ მე მაქვს რაღაც ნაკლი, რაღაც რაც მის კრიტერიუმებში არ ჯდება ..

და შემდეგ, ამ ფიქრებში მიდიხარ ძალიან შორს, განიხილავ ათას დეტალს, რომელიც შეიძლება მის თვალში ნაკლი იყო. მდგომარეობა მატერიალური? არა შეუძლებელია .. ამას, როცა უყვართ არ აქცევენ ყურადღებას .. ლამაზი არ ვარ? არა ვარ, ნამდვილად ვარ. იქნებ მის დებილ მეგობრებთან რომ ვერ შევედი კონტაქტში ის იყო ამის მიზეზი? და კიდევ უამრავი კითხვა გიჩნდება და მაინც ვერანაირად ვერ პასუხობ მთავარს -? რატომ არა მე

და იცით, ერთხელ მე ეს კითხვა დავუსვი მას და მიპასუხა, არ ვიციო … მაშინ ვფიქრობდი, რომ სიყვარული მართლაც რაღაც ისეთია, რომ “გულს ვერ უბრძანებ” და ცოტა დავიმშვიდე ამით თავი. თუმცა შემდეგ იცით რას მივხვდი? რომ კაცი რომელიც ურთიერთობის დაწყებიდან იმას გიჩიჩინებს, რომ ცოლად არ მოგიყვანოო, შეუძლებელია, არ იცოდეს რატომ არ მოგიყვანს. ის ხომ თავიდანვე უკრძალავს თავის თავს რომ შეგიყვაროს.

რაღაც ისე გამომდის თითქოს ძალიან მინდოდა მასზე გათხოვება. მაგრამ, მინდა გითხრათ, რომ მე ამაზე არ ვფიქრობდი. მე უბრალოდ მიყვარდა. ის კი მაიძულებდა გამჩენოდა ეს კითხვები და რაც, მგონი ლოგიკურიც იყო ჩემი მხრიდან. როგორ შეიძლება ადამაინთან ერთად იცხოვრო, გაიღვიძო და დაიძინო, საჭმელი გაუკეთო და მისი გაკეთებული ჭამო, მოუყვე და მოგიყვეს, ჩაეხუტო და სექსი გქონდეს და არ გიყვარდეს? ანუ გამოდის, რომ ეს ყველაფერი სიყალბეა და მხოლოდ სექსუალურ მოთხოვნილებას იკმაყოფილებთ? ვიცი, რომ ყველა ურთიერთობა უნიკალურია და ასე არ უნდა დავყო, მაგრამ მაინც მრჩება პასუხგაუცემელი კითხვები საკუთარ თავთან.

რაც, შეეხება, ანას, სწორედ ეს ვუთხარი მასაც. ასეთ ურთიერთობებში, რაღაც საფრთხეები არსებობს. თუ მას არ უნდა რომ შეიყვარო და უბრალოდ გთავაზობს, რომ გაერთოთ, ხარ, კი შენ მზად, რომ მხოლოდ და მხოლოდ სექსი გქონდეს და არასოდეს მოგინდეს, რომ მის მეგობრებთან შეყვარებული დაგიძახოს? (და ნურცერთი გოგო ნუ მეტყვით იმას, რომ სტატუსი არ არის თქვენთვის მნიშვნელოვანი).


Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *